საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამო 2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციების ახალი ვადები დადგინდა.
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.
კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.
პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი:
რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:
III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი:
IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.