საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. 2017 წელს იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 531-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა კი თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ სიაში 8 რუსთაველი მოქალაქეცაა. როგორც „ინფო რუსთავს“ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ტერაშვილმა განუცხადა, წინასწარ სიაში მოხვედრილ ლტოლვილებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა 5 მაისამდე შეეძლებათ, ამის შემდეგ კი ხელახალი სია კორექტირებული ქულებით გამოქვეყნდება, დეპარტამენტი ჩამოყალიბდება იმაზე, თუ რამდენი ქულიდან დაიწყება მოკვლევა, შემდეგ ეტაპზე კი მონიტორინგი ჩატარდება, რის შემდეგაც კომისია გადაწყვეტს, თუ ვის დაუფარავენ იპოთეკურ სესხს.
შეგახსენებთ, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არაუმეტეს 20 000 ლარია. საბოლოო ჯამში კი აღნიშნული პროგრამისთვის 2 000 000 ლარია გამოყოფილი.