"ასეთი ადამიანი არასდროს შემხვედრია"

2020-03-27 00:43:50

"რომ არა თიკა სვანიძე, ალბათ საქართველოში ვერ დავბრუნდებოდით და ახლა აქ არ ვიქნებოდით" - "ინფო რუსთავს" რუსთაველი სტუნდენტი, ოთო გიორგაშვილი დაუკავშირდა და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნების ისტორია უამბო.

რუსთაველი ახალგაზრდას თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტის 7 სტუდენტი, ჰოლანდიაში დაგეგმილ ტრენინგებზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სასწავლო ტრენინგები ჩაიშალა. ავიაკომპანიამ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები გააუქმა, თანხა უკან არ დაუბრუნდათ და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნდნ.

"ავია კომპანიაში ბუნდოვან და გაუგებარ პასუხებს გვცემდნენ, თანხის დაბრუნებაზე კი გვითხრეს, რომ რამდენიმე თვეში შეძლებდნენ და ვერ ვბრუნდებოდით უკან. ჰოლანდიაში დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. დაგვაკავშირეს ქალბატონ თიკა სვანიძესთან, რომელიც არის დიასპორების წარმომადგენელი და დამფუძნებელი ნიდერლანდებში. ქალბატონ თიკას საერთოდ არ ვიცნობდით. დავუკავშირდით და დაკავშირების დღიდან არ გასულა არცერთი დღე სანამ ჩამოვიდოდით ყოველთვის გვეკონტაქტებოდა. 7 სტუდენტი ვიყავით და გზა მთლიანად დააფინანსა, 750 ევროიანი ბილეთები აიღო ისე, რომ არც კი ვიცოდით ვბრუნდებოდით თუ არა საქართველოში. მე პირადად ასეთი ადამიანი არასდროს შემხვედრია. რა თქმა უნდა ამ პროცესებში, ჩართული იყო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში", - განაცხადა ოთო გიორგაშვილმა.

თიკა სვანიძე-ვენკომ ფონდი "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" 2019 წელს დააფუძნა, რომელიც მიზნად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანებას და მათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში ჩართვას ისახავს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ფონდის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა დიასპორები გაეერთიანებინა საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაზარალდნენ.

"მომივიდა იდეა, რომ გაგვეერთიანებინა დახმარების სურვილი და ჩამერთო თუნდაც ჩვენი ემიგრაცია და დიასპორას წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, დავუკავშირდი სხვადასხვა საელჩოებს. გვითხრეს, რომ დიდი პრობლემები ჰქონდათ. 20 კაცი იყო დასახმარებელი და აქედან საელჩომ მომცა იმ ადამიანების კონტაქტები, ვინც ყველაზე მწვავე სიტუაციაში იყო. მაშინ 5 ადამიანს ავუღეთ ბილეთები და გამოვუშვით საქართველოში, სხვებს თავად ჰქონდათ რესურსი. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით ავსტრიაში. ასევე, ჰოლანდიაში გვქონდა პრობლემა, 7 სტუდენტი შაბათს გამოვუშვით. ფაქტობრივად ქუჩაში რჩებოდნენ ახალგაზრდები და მთელი ჩემი გუნდი ყველა ფეხზე იდგა, რომ ეს ბავშვები არ დარჩენილიყვნენ აქ ასეთ მდგომარეობაში", - განაცხადა თიკა სვანიძემ.

თიკა სვანიძეს თქმით, "Diaspora Alliance for Georgia" მზად არის დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ.

მან ასევე მოუწოდა, ადამიანებს, რომლებსაც დახმარების სურვილი აქვთ, მათ შეუერთდნენ და განაცხადა, რომ: - სიკეთე გადამდებია და თუ კი ვინმეს ექნება სურვილი, რომ სხვა სტუდენტებსაც დაეხმარონ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. მე ჩავრთე ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრის წევრები ამ საქმეში, რომლებმაც მოაგროვეს ფინანსები და ერთი ბილეთი შეიძინეს. ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც უკან ვერ ბრუნდება. ამ დროს ვჭირდებით ჩვენ ერთმანეთ და ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები