კლინიკა რუსთავის პრევენციული ღონისძიებები

2020-02-21 11:13:52

ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, კლინიკა რუსთავი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს პაციენტთა მიღებას. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ლუკა სალუქვაძის განცხადებით, კლინიკა მზადაა მიიღოს საეჭვო სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი და მას აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება.

"კლინიკა რუსთავის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი იქნა მიტანილი, რომ პაციენტი, რომელმაც მიმართა კლინიკა რუსთავს, შესაძლოა დაინფიცირებული იყოს კორონავირუსით, კლინიკაში არსებობს იმის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობა, რომ ეს პაციენტი იყოს იზოლირებული, სანამ დადგება მისი სტაციონარული მკურნალობის საკითხი. კლინიკაში მუშაობს ტრიაჟის სისტემა, ხდება ყველა შემოსული პაციენტის გამოკითხვა ეპიდანამნეზზე, ტემპერატურის გაზომვა და იმ შემთხვევაში, თუ საეჭვოა პაციენტის სიმპტომები, ხდება მისი იზოლირება, განცალკევება სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში. კლინიკური შეფასების შემდგომ წყდება საკითხი მისი სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ან გამოირიცხება ეჭვი კორონავირუსზე", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას ლუკა სალუქვაძე.

კლინიკის დირექტორის თქმით, თუ ეჭვი იქნა მიტანილი, რომ პაციენტი კორონავირუსითაა დაინფიცირებული, სამედიცინო დაწესებულების მედ-პერსონალი აღნიშნულ შემთხვევაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებს.

"არსებული პროტოკოლის მიხედვით, ჩვენ ვუკავშირდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ვაწვდით მას ინფორმაციას. შესაბამისად, მიწოდებული ინფორმაციის შეჯერების შემდგომ, ხდება გადაწყვეტილების მიღება, ანუ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღები ჩვენ არ ვართ", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

სამედიცინო დაწესებულებაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები.

"მნახველები არ დაიშვებიან კლინიკაში ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო. მითითებული გვაქვს ოჯახის ექიმების საკონტაქტო ნომრები და ვიზიტის დაგეგმვამდე პაციენტებს შეუძლიათ ჩივილები გააცნონ ექიმს და მან მიიღოს გადაწყვეტილება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაიბაროს ის ვიზიტზე თუ არა", - აცხადებს ლუკა სალუქვაძე.

უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინფო რუსთავი" უცვლელად გთავაზობთ:

"პაციენტთა საყურადღებოდ

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, კლინიკა რუსთავი ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარებს მოუწედებს, გეგმიური ამბულატორიული ვიზიტის დაგეგმვამდე, სატელოფონო კომუნიკაციის მეშვეობით ოჯახის ექიმებსა და სხვა პროფილის სპეციალისტებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოხატულ ჩივილებსა და ეპიდანამნეზის თაობაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ თვითიზოლაციის პირობების დაცვას.

კლინიკა რუსთავი გისურვებთ ჯანმრთელობას და მიიჩნევს, რომ თვითიზოლაციის პირობების დაცვა წარმოადგენს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას.

ასევე, გაცნობებთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (emergency) ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სამედიცინო მომსახურებას.

მედპერსონალის სია და ტელეფონის ნომრები იხილეთ დანართის სახით:

https://docs.google.com/spreadsheets/d/1ncYZXu4HNIdTrxxQxzQ8npH-gjBk5v1X1llp5cQHBFU/edit?fbclid=IwAR2I-oezyEclLgBRlf3sEIya1_xKb1bYWzJblwWZshYAHuYoToGOTbTSgZI

კერძო სადაზღვევო კომპანიით მოსარგებლეებმა დარეკეთ შესაბამის სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე", - ნათქვამია განცხადებაში.