თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდა

2020-03-18 00:31:33

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო გადაადგილება იზღუდება.

შეზღუდვები ეხება რუსთავი-თბილისის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"რუსთავიდან თბილისისა და საპირისპირო მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილების მომსახურება დარჩება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ჩვენ დღეს გვაქვს გამორჩეულად მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. მოგვეთხოვება დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, შვილებისა და ოჯახის ჯანმრთელობა. ასევე გარშემო მყოფთა ჯანმრთელობა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს კონტაქტი. ქუჩებსა და ქალაქებში გადაადგილება", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

თბილისის მიმართულებით მოძრავი 11 მარშრუტი 6-მდე იზღუდება.
კერძოდ, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები ივლიან:

1) თოდრიიდან დიდუბის მიმართულებით;
2) რკინიგზის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით;
3) ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურამდე;
4) მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურამდე;
5) რუსთავიდან ვარკეთილის მიმართულებით;
6) ე.წ ალდაგის სატანსპორტო საშუალებები, რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით;

მგზავრების ნაკადს 100 ერთეულამდე სატრანსპორტო საშუალება მოემსახურება;

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას, განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები ტარდება იმისთვის, რომ შემცირდეს ხალხის გადაადგილება, როგორც ქალაქის შიგნით, ასევე ქალაქთშორისი მიმართულებით.

აღნიშნული შეზღუდვის მთავარი მიზანია, რომ არ მოხდეს კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელება.

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და ყველა მზად უნდა იყოს, როგორც მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები