რუსთაველი ემიგრანტები COVID19-ზე

2020-03-17 11:14:16

COVID19-ის  სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებამ, მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთაველ ემიგრანტებს და დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა მათი ყოველდღიურობა და რა ვითარებაა იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან.

თამარ დაჩიბერიძე - აშშ (ფილადელფია):

- ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანაგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა სიტუაცია ნამდვილად მშვიდი იყო. დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში მაღაზიები შეიძლება ითქვას დაცარიელდა. დღეის მდგომარეობით მოსახლეობაში შიშის ფაქტორი ნამდვილად არის და მცირე პანიკაც, თუმცა პროდუქტის ყიდვაზე პრობლემა მე პირადად არ შემქმნია და არც ჩემს გარშემო მყოფ ქართველებს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ 14 დღით დაიხურებოდა სკოლები და ხალხის თავშეყრის ადგილები როგორიცაა გასართობი ცენტრები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართულმა კულტურის ცენტრმა. სტუდიებმა და სკოლამ სწავლების პროცესი 30 მარტამდე შეაჩერა. რაც შეეხება სამსახურებს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მხრივ ჯერჯერობით პრობლემები არ არის. მე პირადად ჩემი დამსაქმებელი სიტუაციიდან გამომდინარე სამუშაო დღეებს მიმცირებს თუმცა ეს ანაზღაურებას ჩემს შემთხვევაში არ შეამცირებს.

ანა მოსეშვილი - ავსტრია:

- ავსტრიაში საზღვრები არ კონტროლდება. თვითიზოლაციაშია ხალხი, გარეთ გასვლა შეზღუდულია. მხოლოდ პატარა მაღაზიებია ღია, დიდი სუპერმარკეტები დაიკეტა. პროდუქტები ხალხმა წინასწარ იყიდა. არ იშოვებოდა ტულეტის ქაღალდი და ასევე ბოსტნეული. სრული პანიკაა, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები დაიკეტა.

ელგა ცუხიშვილი - იტალია:

- ამჟამად ვიმყოფები იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში. მთელ იტალიაში კარანტინია გამოცხადებული. თუმცა პროდუქტის მაღაზიები Ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, რაც შეეხება გადაადგილებას ქალაქიდან ქალაქᲨი შეზღუდულია პოლიცია აკონტროლებს მოქალაქეებს ქუჩებᲨი, მშვიდად ეკითხებიან თუ სად მიდიან მათივე უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა ხალხი პანიკაᲨია და აუცილებლობის შემთხვევაში გვიწევს გარეთ გასვლა. Ჩვენ, ქართველ ემიგრანტებს თვითონ იტალიელები ძალიან გვეხმარებიან და მადლობა მათ ამისთვის. ზოგი ამბობს, რომ იტალიელი ოჯახები ქართველ ემიგრანტებს ოჯახებიდან უშვებენ ეს არის სრული სიცრუე.

ნათია კილაძე - იტალია:

- არის გამოცხადებული კარანტინი და ვიმყოფებით ყველა სახლში. გასვლა შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად თუ ექიმი, აფთიაქი ან სურსათი გვჭირდება) ამ შემთხვევაშიც უნდა ვიქონიოთ სამინისტროს გვერდიდან ამობეჭდილი ფურცელი, რომელსაც შევავსებთ პოლიციასთან ერთად. თუ უმიზეზოდ გავალთ გარეთ და პოლიცია გაგვაჩერებს ჯარიმაა დაწესებული და ზოგ შემთხვევაში 3 თვიანი ციხეც. ქალაქში უმეტესი დაწესებულება დაკეტილია 9 მარტიდან. არის პანიკა და დაღლილობა ხალხში, მაგრამ ვხედავ რომ მოსახლეობის უმეტესობა იცავს წესებს რომლის შედეგადაც დაინფიცირებულთა რიცხვი კლებულობს. პიზაში ვიმყოფები. მთელ იტალიაში 9 მარტიდან წითელი ზონაა. მაღაზიებში შესასვლელად წესებია დასაცავი 3 ადამიანზე მეტი არ შედის ისიც ერთ მეტრიანი დისტანციით. არის უსაშველო რიგები, მაგრამ საკვებზე არავითარი დეფიციტი არ არის და არც ფასების აწევა. ქვეყანაში პანიკა და საშინელი სტრესია.

მარინა გრძელიშვილი - ესპანეთი:

- ესპანეთში მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, მაღაზიებთან დილიდან რიგები არ წყდება, ჩვენ ლეიდაში ვიმყოფებით და აქ მერკადონაში დახლები ცარიელია. დეფიციტი შეიქმნა საფთიაქო მოხმარების ნივთებზე. ბარები, და რესტორნები დახურეს, მარტო აფთიაქები და სურსათის მაღაზიებია ღია მაგრამ სუპერმატკეტებში პროდუქტის სიმცირეა.

ნინო კოტოვა - საბერძნეთი:

- კრეტაზე ვცხოვრობ საბერძნეთში. ერთი კვირაა, რაც საგანგაშო მდომარეობაა, თუმცა აქ კუნძულზე ბევრი შემთხვევა არაა. დაიკეტა სკოლები, ბაღები, კაფეები, რესტორნები და საერთოდ ყველაფერი აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების გარდა. გარეთ ხალხი არ ეკარება ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობით იფარგლება.

გიორგი კვეზერელი - უკრაინა:

- მე ვიმყოფები უკრაინაში, კერძოდ ქ. დნეპრში. ქვეყანაში გამოცხადებულია ორ კვირიანი კარანტინი. დაიხურა სკოლები და ბაღები. ხალხი რათქმაუნდა პანიკაშია და მაღაზიებში  რიგებია. ინფიცირებულთა რაოდენობა არ დასტურდება, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით სამი ადამიანია დაინფიცირებული. ქუჩებში აშკარად შეიმჩნევა ხალხის ნაკლებობა. იმედია კარანტინის შემდგომ საფრთხე აღარ იარსებებს.

მარიამ შავლოხაშვილი - იტალია:

- ვენეცია-მესტრეში ვარ, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს გარეთ გასვლისგან. თუ მართლა გადაუდებელი საქმე არ აქვს ვინმეს. მუშაობს აფთიაქები და ყველა სასურსათო მაღაზია. მაღაზიებში 1 მეტრის რადიუსით უშვებენ ხალხს. გარეთ დადიან კარაბინერები და ამოწმებენ მაქსიმალურად ყველას თუ ვინმე დადის, მაგრამ პანიკა ნამდვილად არ არის აქ.

თათია ლეჟავა - საფრანგეთი:

- მე ვიმყოფები, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, მდგომარეობა არის სტაბილური, ამ ქალაქში, არ არის პანიკა, თუმცა დაკეტილია, ყველაფერი, სკოლები, ლიცეუმები, ბაღები, თეატრები, მუზეუმები, გაუქმდა კულტურული ღონისძიებები. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით. ხალხი ცდილობს არ აჰყვეს პანიკას. არ დაცარიელებულა მაღაზიები. ამ ქალაქში სიმშვიდეა. იმედი გვაქვს სიმშვიდეს შევინარჩუნებთ ბოლომდე, რაც მთავარია არ ვარღვევთ წესებს, ვიბანთ ხელებს, არ ვკოცნით ერთმანეთს, მაქსიმალურად ვიცავთ თავს. მშვიდობას გისურვებთ.

მიშკა წიქარაძე - კანადა:

- კანადაში ვიმყოფები, კერძოდ ქალაქ ტორონტოში. მაღაზიებში არის პანიკა, ძალიან დიდი რიგებია, მაგრამ ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ქუჩაში პანიკა არ იგრძნობა. ხოო და კიდევ ტუალეტის ქაღალდია დეფიციტში. მოკლედ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება თუ არ ჩავთვლით რიგებს მაღაზიებში  და რაღაც-რაღაცების დეფიციტს.

გიორგი ბენაშვილი - ესტონეთი:

- ამჟამად ესტონეთში, ქალაქ ტარტუში ვიმყოფები. ესტონეთში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვირუსით ინფიცირებულთა ძალიან მცირე, დაახლოებით 14 შემთხვევა ფიქსირდებოდა. თუმცა, ხუთშაბათს, 12 მარტს მოულოდნელად 50-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც იმავე საღამოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებში, უნივერსიტეტებში კი დისტანცირებული მუშაობის მეთოდზე გადავედით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 17 მარტიდან ესტონეთი ხურავს საზღვრებსაც. საუბარი მიდის რომ დაიხუროს სავაჭრო ცენტრებიც (გარდა სუპერმარკეტებისა) მთლიალობაში განსაკუთრებული პანიკა არ არის. აქ ქუჩებში ბევრი ხალხი ისედაც არ დადის, ახლა კი უფრო შემცირებულია ეს რაოდენობა. სუპერმარკეტებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საღამოს მცირე დეფიციტი შეიქმნა გარკვეულ პროდუქციაზე (პური, ხორც პროდუქტეული) თუმცა, სხვა პროდუქცია უპრობლემოდ ხელმისაწვდომი იყო დახლებზე. ამჟამარ ესტონეთში ვირუსით იმფიცირების 135 შემთხვევა ფიქსირდება.

მარია ჯალაღონია - გერმანია:

- უკვე წლებია ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ აახენში ოჯახთან ერთად. რამდენიმე დღეა,  უკვე იგრძნობა მოსახლეობაში პანიკა. თუმცა წინა დღეებში, თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა ცხოვრება. ხელისუფლება, როგორც იქნა გააქტიურდა: სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა ხვალიდან და გაგრძელდება სავარაუდოდ 20 აპრილამდე. მაღაზიებში იგრძნობა პანიკა: პროდუქტებზე დეფიციტია, დახლები შედარებით ცარიელია. მოსახლეობა თავს არიდებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს, ქუჩები დაცარიელებულია, სატრანსპორტი კომპანიებმა მოუწოდეს მოსახლეობას, რომ ბილეთები შეიძინონ წინსწრებით აპლიკაციის გამოყენებით, რათა დაიცვან მძღოლები ფულთან შეხებისაგან. ამ ქალაქში ცხოვრობს ბევრი ქართველი და არ მსმენია, რომ ვინმე იყოს კორონა ვირუსით დაინფიცირებული. ხალხში მეტნაკლები პანიკა არის და ველოდებით ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს. კარგია, რომ სკოლა-ბაღებში შეაჩერეს სასწავლო პროცესი, თუმცა ველოდებით გადაწყვეტილებებს სამსახურებთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად ავღნიშნო, რომ თვალყურს ვადევნებ საქართველოში მინდინარე პროცესებს, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საქართველოს მთავრობა უფრო ეფექტურად ახორციელებს პრევენციას და მოსასხლეობის ინფორმირებას, ვიდრე აქაური ხელისუფლება. მიმაჩნია, რომ გერმანიამ დააგვიანა რეაგირება. სხვა სიმშვიდეა ამ ეტაპზე. ამ ქალაქში (აახენში), რომელიც არის ჰოლანდია-ბელგიის საზღვარზე, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულია 75 ადამიანი. რამდენიმე გამოჯანმრთელდა.

ნათია ბაზლიძე - საბერძნეთი:

- მე ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ ხალკიდიკში. აქ მშვიდი სიტუაციაა, პანიკა არ არის. ყველა გასართობი და სავაჭრო ცენტრი დაიკეტა 2 კვირით. ფუნქციონირებს მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტები. მოსახლეობა ძირითადად სახლშია, რაც შეეხება სუპერმარკეტებს რიგები არ არის.

თამარ დათუკიშვილი - ერაყი:

 - ამ დროისთვის აქ პანიკაა, ყველაფერი დაკეტილია, სკოლები, მაღაზიები, სალონები. 2 დღეა საერთოდ სახლიდან გასვლა არ შეიძლება. პირველივე შემთხვევა რომ დაფიქსირდა, მიიღეს მკაცრი ზომები. როგორც გვითხრეს, ხვალ შევძლებთ გასვლას გარეთ, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებში მაინც აკრძალულია.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები