"საქართველოს" და "თიბისი" ბანკის განცხადება

2020-03-13 11:18:16

კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო  და „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს.

"თიბისი ბანკი" :

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ".

"საქართველოს ბანკი" :

"საკუთარი მიზნებისა და სურვილების ცოტა ხნით გადავადებისა და საერთო, საქვეყნო მიზნისთვის ბრძოლის შესაძლებლობები უსაზღვროა.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება.

სწორედ ამიტომ, ფილიალების განტვირთვის მიზნით, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას შევთავაზებთ ყველა ფიზიკურ პირს.

თითოეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებს".


როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი "ვითიბი ბანკი" და "ლიბერთი ბანკიც" უერთდება სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით "საქართველოს ბანკს" და "თიბისი ბანკს".

"ლიბერთი ბანკი" :

" ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებით.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.

დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.*

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე "

"ვითიბი ბანკი " :

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე გთავაზობთ სამთვიან საშეღავათო პერიოდს.

შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.

მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, ჩვენს მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა საბანკო სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.

ორშაბათიდან, თითეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ინდივიდუალურად".