რუსთავის 5 ყველაზე პოპულარული სკოლა.

2017-04-25 19:29:32
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის. საჯარო სკოლებში რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. I ეტაპი: 2017 წლის 10 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო სკოლებში. დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

I ეტაპის დასრულების შემდეგ გარკვეული სტატისტიკა ცნობილია, რის მიხედვითაც შეგვიძლია გამოვყოთ რუსთავის ყველაზე რეიტინგული სკოლები. ყველაზე ბევრი (99) ბავშვი მშობელმა #4 საჯარო სკოლაში დაარეგისტრირა, სკოლას სულ 150 ბავშვის მიღება შეეძლო, ამ ეტაპისთვის დარჩენილია 51 ადგილი რაც იმას ნიშნავს რომ 66% უკვე დაკავებულია.

თუ სკოლების რეიტინგს იმის მიხედვით დავალაგებთ თუ რამდენი პირველკლასელის მიღება შეუძლია და ამ მომენტისთვის რა ოდენობა დარეგისტრირდა, ხოლო მონაცემებს პროცენტებში გადავიყვანთ მაშინ გამოდის რომ ყველაზე მეტი 80% #28 საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა, მას 71%-ით მოჰყვება #24 საჯარო სკოლა, 70.6% #11 საჯარო სკოლა, 66%-ით #4 საჯარო სკოლა, ხოლო ხუთეულში ბოლო ადგილზე 53% #2 საჯარო სკოლაა.

I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2017  წლის 25 აპრილიდან  5 მაისის ჩათვლით. 
 
II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან  - 1 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2017 წლის 2 ივნისიდან  15 ივნისის  ჩათვლით. I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში,რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2017 წლის 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.  
  
კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 10 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ.  

2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.  
 
2017-2018  სასწავლო წელი  დაიწყება 15 სექტემბერს.