რუსთავიდან თბილისში, ერთი მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცებს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, მამაკაცს, რომელიც ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ტემპერატურა აღენიშნებოდა. თბილისში ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გუშინ, 8 მარტს პირდაპირ საცხოვრებელი სახლიდან გადაიყვანა.
რაც შეეხება კარანტინში მყოფ ახალგაზრდას, ის რომიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და 7 მარტს, გამოკვლევის მიზნით, რუსთავის #2 დიაგნოსტიკურ ცენტრს მიმართა.
დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა კაპანაძის ინფორმაციით, მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
"არანაირი სიმპტომი მას არ ჰქონდა, მას ჰქონდა ეპიდანამნეზი, 5 დღის წინ ჩამოვიდა იტალიიდან. მოვიდა ჩვენთან, ტელევიზორს ვუყურე და შემეშინდა, იქნებ გამოკვლევები ჩამიტაროთო. რა თქმა უნდა, ვუთხარით მას, რომ იტალიიდან ჩამოსული ადამიანი უნდა იყოს თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში, მან კი გვითხრა, რომ აეროპორტში გაფრთხილება არავისგან მიუღია.
როგორც კი ამ ადამიანმა მოგვმართა, მიმღებიდანვე დაყოვნების ოთახში, ე.წ. "ბოქსში" გადავიყვანეთ, შევმოსეთ შესაბამისად, ექიმმა გასინჯა და ნახა, რომ სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ რადგანაც კატეგორიულად ამბობდა, რომ იტალიიდან ახალი ჩამოსული იყო, დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. პაციენტი ღრმა გამოკითხვების შემდეგ თბილისში გადაიყვანეს", - განაცხადა მანანა კაპანაძემ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა "ლანცეტის" მიმდებარედ არსებულ სასტუმროშია გადაყვანილი, აღნიშნული სასტუმრო საკარანტინო სივრცედაა მოწყობილი. ამჟამად პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.