მიმდინარე წლის ზაფხულიდან რუსთავში 10 მეტრიანი - 40 ავტობუსი შემოვა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალი ტრანსპორტის შემოყვანა ქალაქში ზაფხულიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.
რუსთავისთვის ავტობუსებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში იძენს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას.
რუსთავში შემოყვანილი ავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით, ასევე შიდასაქალაქო გადაზიდვებზე იმუშავებს.
შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.
ტენდერი ორ ლოტად გამოცხადდა, პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა.