სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ რუსთავის სააფთიაქო ქსელებში პირბადეების მარაგი არ არის.
ასევე აღნიშნავენ, რომ მისი ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა დღეებში იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ინფორმაციის დაზუსტების მიზნით რამდენიმე აფთიაქს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ზოგიერთ ფარმაცევტულ დაწესებულებაში პირბადეების რაოდენობა მართლაც ამოიწურა.
"იმპექსში" და "ფარმ სახლში" პირბადის ყიდვას ამ დროისთვის მოსახლეობა ვერ შეძლებს.
"ავერსში" მარაგი აქვთ და თითოს ფასი 12 თეთრს შეადგენს, "ჯიპისიში" ფასი 20 თეთრია, ხოლო "პეესპე"-ში პირბადეს 15 თეთრად შეიძენთ.
"იმპექსის" აფთიაქში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მოთხოვნა გაიზარდა და მარაგი 4 თებერვალს შეივსება.
"პე-ეს-პე-ში" კი აცხადებენ, რომ მარაგი დღეს შეივსო.
არსებული ინფორმაციით მოსახლეობამ პირბადე ყუთებით შეიძინა, რამაც განაპირობა გარკვეულ აფთიაქებში მარაგის ამოწურვა.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საზოგადოება კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციებს არ უნდა აჰყვეს, რადგან ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღებს.
"პირველ რიგში, ყველამ ნერვები უნდა დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, იმას ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებებს გამოეხმარუა, და აღნიშნა რომ ამ ეტაპზე არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს - " საქართველოში არ დაფიქსირებულა კორონა ვირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა, ნუ თესავთ პანიკას საზოგადოებაში. მე არ გამოვრიცხავ გარკვეულ მერკანტიულ ინტერესებს. არ შეიძლება ხალხის ფაქიზ გრძნობებზე თამაში, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ისედაც არის მღელვარება მოსახლეობაში" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს.