ახალი ბაგა-ბაღი რუსთავში ოსტროვსკის, მაიაკოვსკისა და დავით გარეჯის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ამის შესახებ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვეტილება მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დღეს მიმდაბარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შეხვდა და ბაღის განთავსების ლოკაციასთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება წლების წინ არსებულ, ძველი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე აშენდება და ის 160 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
"ამ ადგილზე განთავსებული იყო საბავშვო ბაღი, რომელიც დაინგრა. მოთხოვნას საჭიროებებიდან გამომდინარე სწორად აყენებდა მოსახლეობა, იმიტომ, რომ ძველ რუსთავში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ დასახლებაში ბაღების პრობლემა ნამდვილად გვაქვს. პრობლემის მოსაგვარებლად გადავწყვიტეთ შეგვეძინა პროექტი, მოგვეძიებინა თანხა და რა თქმა უნდა, ამ საქმეს აკლდა მოსახლეობის მზაობა, რაც მივიღეთ", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მისი ღირებულება 1 600 000 ლარია. ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად კონკურსი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.