რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსში’’, მიმდინარე წელს ახალი პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იმ კორპუსების ეზოებში, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები შექმნილია და დარეგისტრირებულია ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსში’’, გამიჯნულ ტერიტორიაზე (ე.წ. წითელ ზოლში) მოხვედრილი დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის გაწმენდას ითვალისწინებს.
გაწმენდაში 3 სახის მომსახურება იგულისხმება.
კანალიზაციის მილის წნევით რეცხვა სპეც. მანქანით
კორპუსიდან (სარდაფიდან) საკანალიზაციო ჭამდე საკანალიზაციო მილის გაწმენდა
საკანალიზაციო ჭების დამაკავშირებელი მილის გაწმენდა
ახალი პროგრამის დაფინანსების აუცილებლობა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რადგან იმ ეზოებში, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ტერიტორია გამიჯნული აქვს, კომპანია ,,რუსთავის წყალი’’ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ვერ ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით მოქმედებს.
24 და ნაკლებბინიან კორპუსში კანალიზაციის მილის სპეც.მანქანით, წნევით რეცხვის 95%-ს ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსი" დააფინანსებს, ხოლო 5 %-ის გადახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს მოუწევთ. იგივე სამუშაოს 85%-ს დააფინანსებს ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსი" 25-დან 50-მდე ბინიან კორპუსში, 50-დან 100-მდე ბინიან კორპუსში კი 75%-ს, რაც შეეხება 100 და მეტბინიან კორპუსში 50%-ს.
კორპუსიდან (სარდაფიდან) საკანალიზაციო ჭამდე საკანალიზაციო მილის გაწმენდის სამუშაობის 50%-ს დააფინანსებს "რუსთავის კორპუსი", ხოლო 50%-ის გადახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს მოუწევთ.
იგივე პრინციპით დაფინანსდება საკანალიზაციო ჭების დამაკავშირებელი მილის გაწმენდაც.
პროგრამისთვის 2020 წელს 100 000 ლარია გამოყოფილი და უკვე არსებობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის განავლობაში რუსთავის კორპუსებს აღნიშნულ მომსახურებებს გაუწევს.