"4 ადამიანი გარდაიცვალა უკვე გართულების გამო და ესენი ისევ გვაჯერებენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. 2 კვირაა ვკვდები, ყველაფერი ერთად მჭირს, მაშინ როცა წლებია უბრალო გაციება და სიცხეც არ მქონია. წარმომიდგენია შედარებით სუსტი იმუნიტეტის ადამიანები რა დღეში იქნებიან", "რა ჩვეულებრივი გრიპი, 5 დღეა ნელ-ნელა მკლავს", "გრიპისგან რომ კვდებიან, არაფერი?", " ნახევარი საქართველო რომ დაწყდება, მერე მიიღეთ ზომები", - ასე გამოეხმაურა "ინფო რუსთავის" მკითხველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებას. იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ: „ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით".
რუსთაველების ნაწილისგან იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. როგორც ფეისბუქის მომხმარებლები წერენ, აუცილებელია მოხდეს ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება, რადგანაც სწორედ ამ არდადეგებმა იხსნა ქვეყანა ეპიდემიისგან.
"რატომ არ უნდათ სწავლის გადადება ? თუ ეპიდემიის ზღვარს არ გადაცილებულან, ეს ხომ ზამთრის არდადაგების წყალობაა", "მთელი ჩემი თანამშრომლები ბიულეტინზე არიან", "არდადეგებმა უშველა კიდევ დღეის მდგომარეობას, თორემ ვინ იცის რა იქნებოდა", "რამდენი ვიცი ვინც სახლში გადის მკურნალობას, ეს ადამიანები არ არიან აღრიცხვაზე, ვფიქრობ აუცილებელია არდადეგების გახანგრძლივება", - წერენ სოც. ქსელის მომხმარებლები.
მიუხედავად მოსახლეობის ამგვარი დამოკიდებულებისა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს.