რუსთაველმა ჩოხოსნებმა ახალშობილები დაასაჩუქრეს [photo]

2020-01-05 16:36:44

რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა კლინიკა რუსთავში წელს პირველად დაბადებული ახალშობილები მოინახულეს და მათ საჩუქრები გადასცეს.

2020 წლის პირველ დღეებში დაბადებული 3 ბავშვი ჩოხოსნებმა ქართული ნაციონალური სამოსითა და ასევე ახალდაბადებული ბავშვისთვის საჭირო ნივთებით დაასაჩუქრეს.

"ეს ტრადიცია წამოვიწყეთ რუსთაველმა ჩოხოსნებმა და აიტაცა ყველა სადროშომ. მოვედით პირველშობილებთან და ჩვენი პატრიარქის კურთხევით ბიჭუნებს ვაჩუქეთ ჩოხები და გოგონებს შესაბამისი ქართული სამოსი. მე-5 წელია უკვე ეს ტრადიცია არსებობს და იმედია კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წინამძღოლმა ვასილ ძირკველიშვილმა. 

კლინიკა რუსთავში 2020 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი უკვე აღარ იმყოფება, თუმცა საჩუქრები მიიღეს 2 იანვარს დაბადებულმა თომა თომაშვილმა, 3 იანვარს დაბადებულმა ლილე ჭაბაშვილმა და 4 იანვრის ახალშობილმა თორნიკე მშვენიერაძემ. 

ექიმების ინფორმაციით, დედები და შვილები თავს კარგად გრძნობენ და ისინი კლინიკიდან მალე გაეწერებიან.