რუსთაველი კონკურსანტი "მხოლოდ ქართულში"

2019-12-23 21:08:06

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, 23 წლის ნიკა შუბითიძე ქალაქ რუსთავში დაიბადა, ის რუსთავის ინტეგრირებულ სკოლა-ბაღში დადიოდა და რუსთავის 21-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.

როგორც ნიკამ "ინფო რუსთავთავს" უამბო, ის 5 წელია რაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბშია და უკვე 2 წელია ნაკრებში თამაშობს.

მან მე-4 მუსიკალური და სამრევლო სკოლა დაამთავრა, უკრავს როგორც სიმიან, ასევე დასარტყამ ინსტრუმენტზე.

გალობს რუსთავში, VII მიკრო რაიონში არსებულ სამლოცველოში, როგორც ნიკა ამბობს, სპორტითაც აქტიურად იყო დაკავებული, კონკრეტულად კი ცურვით.

როდესაც ნიკას მისი ჰობის შესახებ ვკითხეთ გვიპასუხა, რომ მისი ჰობი ადამიანების გაღიმება და კარგ ხასიათზე დაყენებაა, რაც ბავშობიდან მოსდევს.

რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც ახლა "მხოლოდ ქართულში" იღებს მონაწილეობას, მესამე კლასიდან მღერის, მაგრამ მან გარდატეხის ასაკში სიმღერას დროებით თავი დაანება. ახლა კი ისევ ცდილობს, რომ თავისი ხმა საქართველოს გააგონოს.

მისი გზა სიმღერისკენ ფორტეპიანოს სწავლით დაიწყო, შემდეგ კი სიმღერის ნიჭი აღმოაჩინეს.

ნიკა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ჰყვება თუ როგორ გაიარა გზა "მხოლოდ ქართულამდე". თავდაპირველად მას არ ჰქონია სურვილი "მხოლოდ ქართულში" მიეღო მონაწილეობა, ის მეგობარს გაჰყვა გორში ქასთიგზე, მაგრამ კონკურსანტების მიღება დასრულებული დახვდათ. ამის შემდეგ კი ნიკამ გადაწყვიტა ქუთაისში ჩასვლა და კონკურსში მონაწილეობის მიღება. ნიკა პროექტისთვის მომზადებული არ ყოფილა თუმცა მიუხედავად ამისა ქასთინგი წარმატებით გაიარა.

რუსთაველ მომღერალს სურს რომ "მხოლოდ ქართულიდან" ხალხის სიყვარული დაიმსახუროს.

როგორც ნიკა ამბობს, მას ძალიან უყვარს თავისი პატარა ქალაქი და ამბობს, რომ რუსთავი ძალიან მიყვარს, რუსთავში თუ არ ვარ ვნერვიულობ.

კითხვაზე თუ რას უსურვებდა თავის ქალაქს, გვიპასუხა, რომ სურს რუსთავში ახალგაზრდობას მეტი ყურადღება დაეთმოს, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება, უბრალოდ რუსთაველ ახალგაზრდებს უნდა უყვარდეთ თავისი ქალაქი და უნდა უხაროდეთ აქ ყოფნა.

შეგახსენებთ, რომ ნიკას გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება. იმისთვის, რომ რუსთაველმა მონაწილემ შოუ არ დატოვოს, მაყურებელმა უნდა დარეკოს ნომერზე 0 800 100 100. ზარები კონცერტის მიმდინარეობის დროს მიიღება. კონცერტი კი დღეს  "მთავარი არხის" ეთერში 22:00 საათზე დაიწყება.