სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება რუსთავში

2019-12-22 12:07:07

კომპანია, რომელიც რუსთავში მე-18 ბაგა-ბაღის შემოღობვით სამუშაოებს აწარმოებდა, სავარაუდოდ, დაკისრებულ ვალდებულებას არაკეთილსინდისიერად ასრულებდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პროექტის გათვალისწინებით, იმ ბოძების საძირკველი, რომელიც ბაღის ირგვლივ უნდა განთავსდეს, დაახლოებით 50 სმ უნდა იყოს, თუმცა კომპანია სააღმზრდელო დაწესებულების გარშემო 20 სანტიმეტრიან საძირკველებს აწყობდა, რაც ღობის სიმტკიცეს და მის გამძლეობას ვერ უზრუნველყოფდა.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, მერიამ აღნიშნული დარღვევები კომპანიის თანდასწრებით გამოავლინა.

კომპანიას სამუშაოები შესრულებულად არ ჩაეთვლება, რის გამოც ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამის ზომებს უკვე მიმართა.