კომუნისტების დროს დაბეჭდილი ბილეთები - დაპირისპირების მიზეზი

2019-12-20 23:57:47

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნანა შატბერაშვილი აცხადებს რომ მას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი დაემუქრა. "დაურეკეს და უთხრეს რომ გეშინოდეს დაღამების და რომ აწი რაც მოხდება ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა. ჯურხა ბენდელიანი ნანა შატბერაშვილთან დარეკვას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს რომ მას არ დამუქრებია და როგორც კი გაიგო ვინ ურეკავდა ტელეფონი გაუთიშა.

ყველაფერი კი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაიწყო, "მუნიციპალური ტრანსპორტის აბსოლიტურად ყველა ავტობუსში რუსულ წარწერებიანი ბილეთები იყიდება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ნანა შატბერაშვილმა განუცხადა.

"ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ბილეთები უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და ამ ფორმით გაყიდული ბილეთები არის კორუფცია.
"აქ საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორმა ჩემგან მიიღო და უფრო მეტიც იმდენად უარყო, რომ ბილეთები არ იყიდებოდა. მან გაბედა და იგივე სხდომაზე გააკეთა კომენტარი, რომ ეს შეკითხვა დავსვი იმისთვის, რომ პროვოკაციის მოწყობა მინდოდა.  შესაბამისად წავიყვანე ავედით რამდენიმე ავტობუსში რამდენიმე ბღუჯა ბილეთი  ჩამოვიტანეთ ავტობუსებიდან" - განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.

"ინფო რუსთავი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელს ჯურხა ბენდელიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროვოკაციას აწყობენ და ავტობუსებში აღნიშნული ბილეთები არ იყიდება.

"არ ვიცი საიდან მოხვდა ეგ ბილეთები, შეიძლება ავიდნენ და თვითონ  აიტანეს ეს ძველი ბილეთები. ანტიკვარი ბილეთებია, რომლის სურათსაც ხალხი ეძებს და საიდან მოხვდა მე ნამდვილად არ ვიცი. ჩემი ვარაუდით ატანილი აქვთ მაგათ", - განაცხადა ჯურხა ბენდელიანმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნანა შატბერაშვილი ამ დროისთვის რუსთავის #2 განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.