რუსთავის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
მომავალი წლის ბიუჯეტი 46 306 400 ლარითაა განსაზღვრული. ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებია.
„ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 19 მილიონამდე ლარია განსაზღვრული. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რის საფუძველზეც იგეგმება სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა. იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, განათლების და კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამების დაფინანსება.“- განაცხადა ლევან კავთიაშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს მცირე შელაპარაკებს ჰქონდა ადგილი კომისიის წევრებსა და ფრაქცია "ნაციონალური" მოძრაობის წევრ ნანა შატბერაშვილს შორის.
სხდომაზე წარმოდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.