ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.
შსს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ არის.
როგორც საპატრიარქოს პრეს-მდივანი აცხადებს, ისინი გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.
მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელიდან გაგო, სადაც მისივე თქმით, ითქვა, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.
„ვიცი, რომ დაკავებულია. ეს ადამიანი არ ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას, არ არის მის იურიდიქციაში. აღიკვეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ცხოვრობდა საკუთარ სახლში. ისე როგორც ერის ხალხი ცხოვრობს. არ ყოფილა მონასტერში.
დაკავების დეტალები არ ვიცი. განცხადება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. მე რაც ვიცი, ისიც გავრცელებული ინფორმაციაა, რომ ამ ადამიანის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა“- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.