თბილისში, 116-ე სკოლაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარები კეთდება. სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფაქტი შემთხვევით მოხდა და მას წინ რამე სერიოზული კამათი არ უძღოდა. სკოლაში დანის გამოყენებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს მსუბუქი ჭრილობა საწერი კალმით მიაყენა.
"კამათი ჰქონდათ მეცხრე კლასელსა და მერვე კლასელს შორის. კალმით იყო დაჭრა. ზოგი ამბობს დანით იყოო, მაგრამ კალმით იყო. მარცხენა მხარეს ფილტვის არეში აქვს ჭრილობა. მეგობრები იყვნენ და თამაში უნდოდათ და შემთხვევით მოუვიდათ," - ამბობს 116-ე სკოლის მოსწავლე.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მანდატურის სამსახურმაც. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: რუსთავი2