მოსახლეობის მოთხოვნა და მთავრობის პასუხი

2019-11-02 16:37:25

აუქციონი, რომელიც მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით იყო გამოცხადებული, უკვე მესამედ ჩაიშალა. როგორც რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურში აცხადებენ, შენობის ფასმა რიგით მესამე აუქციონზე 57 000 ლარიდან  27 000 ლარამდე დაიკლო, თუმცა შენობის შეძენისა და მისი დემონტაჟის მსურველი არავინ აღმოჩნდა.

სამსახურის ხელმძღვანელის, პაატა პაპელიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აუქციონის გზით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს ავარიული შენობის მიმდებარედ არსებული 6 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაეცემის თხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროსგან პასუხად უარი მიიღო.

როგორც პაპელიშვილი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, ამ გზით ადგილობრივ თვითმმართველობას გეგმაში ჰქონდა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობასთან გაერთიანება, რაც ინვესტორების მეტად დაინტერესებას გამოიწვევდა, თუმცა, პასუხში, რომელიც მერიის ქონების მართვის სამსახურმა სამინისტროსგან მიიღო, წერია, რომ: " მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სახელმწიფო ქონების შესყიდვაზე/სასყიდლიანი სარგებლის უფლებით გაცემაზე მუნიციპალიტეტებში დაინტერესების (განცხადების) წარდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირების განცხადებები ადმინისტრაციულმა ორგანომ ქვემდებარეობის შესაბამისად გადმოაგზავნოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში".

ჩნდება კითხვა, თუ ეკონომიკის სამინისტრო 6 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც ამორტიზებული შენობის ახლოს მდებარეობს, დამოუკიდებლად გაყიდის, რა გზით მოხდება იმ შენობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რომელიც ავარიულია და რომლის დანგრევასაც მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს?

აღნიშნული კითხვით "ინფო რუსთავი" სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ: "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი, რომელიც ეხება ქ. რუსთავში მდებარე უძრავი ქონების (ს/კN02.02.02.776 და N02.02.02.708) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, შემდგომში განკარგვის მიზნით.  სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული უძრავი ქონების რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა მისი შემდგომი განკარგვის მიზნით, რადგან დაინტერესებული პირის არსებობის შემთხვევაში სააგენტო გამოხატავს მზადყოფნას თავად მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე გატანა".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები