რუსთაველი მამაკაცი, არჩილ ანთიძე, რომელიც ქურდობის მცდელობის ბრალდებით იყო დაკავებული და 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, აცხადებს, რომ პოლიცია აღნიშნული ამბის შემდეგ, მისი დაკავებისთვის მიზეზებს ეძებს.
არჩილ ანთიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ რუსთავის მთავარ სამმართველოში არსებული ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში მისი უფლებები დაირღვა.
"გადავადგილდებოდით მე და ჩემი მეგობარი მანქანით, გაგავჩერა საპატრულო პოლიციამ, ზედაპირული შემოწმება უნდა ჩაგიტაროთო, ერთი ღერი მარიხუანა მქონდა, ჩემი ხელით ამოვიღე და ვანახე, ეს მაქვსთქო. შემდეგ მომიყვანეს მთავარ სამმართველოში, შემამოწმეს, თრობის ქვეშ ვიყავი თუ არა და არ ვიცი როგორ, შეხედვით დამიდგინეს, რომ ვიყავი თრობის ქვეშ. მე ვიცოდი, რომ მაქვს უფლება, რუსთავის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა 2 საათის განმავლობაში გადავამოწმო თბილისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა ეს 2 საათი უკანონოდ გამატარებინეს სამმართველოში. ამას ვუკავშირებ გარკვეულ ინტერესებს, ჩემი დაჭერა უნდათ, იმიტომ, რომ ქურდობა დამაბრალეს, რაშიც გავმართლდი და მაგას ვერ ივიწყებენ", - აცხადებს არჩილ ანთიძე.
როგორც ანთიძის უფლებადამცველმა, შორენა ბაღაშვილმა განაცხადა, უკვე საქმის კურსშია გენერალური ინსპექციაც და არჩილ ანთიძე მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ჩივილს აპირებს.
"თვითონვე განაცხადა ბატონმა აჩილმა, რომ აეღოთ მისთვის ნერწყვის ნიმუში. ნერწყვის ნიმუშის დროს მოხდა ჩხირის გაფუჭება, მეორე ჩხირით ნიმუშის აღება ვეღარ მოხერხდებაო უთხრეს, ანუ ვერ დადგინდა იყო თუ არა მოხმარების ქვეშ. ექსპერტმა, რომელიც აქ ზის, შეხედა ვიზუალურად და ასე მოახდინა შეფასება. აუცილებლად ვაპირებთ გავასაჩივროთ აღნიშნული უკანონო ქმედება", - აცხადებს ანთიძის ადვოკატი შორენა ბაღაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ანთიძეს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა როგორც ნარკოტესტით, ისე ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში ჩატარებული ექსპერტიზით.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს აღნიშნული პირი, რომელსაც პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. მძღოლი ადგილზე შემოწმდა ნარკოტესტით, ტესტმა აჩვენა, რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში. ჩატარებულმა შემოწმებამ ასევე დაადასტურა ნარკოლოგიური თრობის ფაქტი", - აცხადებენ შსს-ში.