"გაიხუმრა კიდეც, გადავრჩებიო?" [video]

2019-09-18 18:39:50

"სანამ პალატაში შევიყვანდით, გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო? გადასარჩენი რა გჭირს შვილოო უთხრეს და ჩვეულებრივად შევიდა", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულმა განუცხადა. [ვიდეო/video]

როგორც მამაკაცმა საინფორმაციო სააგენტოს უამბო, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და  დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.

როგორც გარდაცვლილის ბებია, ფლორა შენგელია "ინფო რუსთავს" უყვება, მარიამს ცხვირის ძგიდეზე ჰქონდა პრობლემები, სუნთქვა უჭირდა და ოპერაციის გაკეთებას სწორედ ამ მიზეზით აპირებდა.

"ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ", - აცხადებს ფლორა შენგელია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა შეყვარებულმა შეიტყო, მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 19 წლის მარიამ სალაყაია ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. ექიმები კი ამბობენ, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი მძიმე ალერგიული ფონი გახდა. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძის თქმით, ნარკოზის შეყვანის დროს პაციენტს ანფილექსიური შოკი განუვითარდა, რის შედეგადაც გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

მარიამ სალაყაიას გადარჩენას ექიმები 10 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები