ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა

2019-09-06 14:08:42

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის  20  ივლისს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,  ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ –  მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე, მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის – კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ასევე, გამოტანილია დადგენილება ინტერმედია პლიუსის დირექტორის – ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - წერია პროკურატურის განცხადებაში.