მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა

2019-08-29 18:28:11

საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა.

სააგენტოს დებულების მიხედვით, ახალი სტრუქტურა შექმნილია ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.

ახალგაზრდობის სააგენტოს ძირითადი მიზნები, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, იქნება:

ა) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;

ბ) ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა;  

გ) ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა;  

დ) ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა),  ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ე) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა,  ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;

ვ) ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფა.

სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.