რას აცხადებს ექიმი

2019-08-28 09:24:16

პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟვანიას კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში აცხადებენ.

„ჭრილობები აღენიშნებოდა ლოყისა და ცხვირის მიდამოში. ჭრილობები დამუშავდა და გაიკერა. სხვა რაიმე ჩარევა არ დასჭირვებია. მდგომარეობა არის სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა ნათია ვასაძემ.

ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ბავშვი პალატაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ინციდენტი პეკინზე გუშინ საღამოს მოხდა, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ქალი მიუახლოვდა და დანით დაზიანებები მიაყენა. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე, მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.