რა იცვლება მართვის მოწმობის აღების წესში

2019-07-27 10:06:37

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა სტატიაში თავი მოეყარა ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მართვის უფლების მიღების წესში ხორციელდება და მომხმარებელთათვის კითხვებზე პასუხი ამომწურავად გაეცა.  

ცვლილება პრაქტიკულ გამოცდაში

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და დამტკიცებულ მარშრუტებზე.

პრაქტიკული გამოცდისთვის რეალური საგზაო მოძრაობის კომპონენტის დამატებით ჩნდება აუცილებლობა, რომ მოტოციკლით/მოტორიზებული ტრიციკლით სასწავლო სვლა დაუშვან ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ მარშრუტებზე (რაც დღეისათვის აკრძალულია).

ამასთან, სასწავლო სვლის დროს, როგორც მოტოციკლი/მოტორიზებული ტრიციკლი, ასევე პირი, რომელიც მართავს მას, აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოებისთვის საჭირო საშუალებებით.

ახალი კატეგორიები

შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია "AM", რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება "A2" ქვეკატეგორიაც. ეს ქვეკატეგორია მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები . ამასთანავე, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა აიღოთ.

მძღოლის ასაკი

A1 ქვეკატეგორიის და B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი.

არსებული კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს ეკრძალებოდათ შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გარდამავალი პერიოდი

პირი, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 2019 წლის 1 ივლისამდე ჩააბარებს, პრაქტიკულ გამოცდას არსებული წესით ჩააბარებს. მათზე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არ გავრცელდება.

კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 იანვრამდე მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს).

გარდამავალ პერიოდში, ასევე დასაშვებია AM კატეგორიის ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოში.

ასევე აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომლის გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, რომელიც რეალურ სივრცეში ავტომანქანის მართვას გულისხმობს, 4 სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი.

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს მიმართულებას, თუ რა მარშრუტით უნდა დაიწყოს გადაადგილება, კომპიუტერული პროგრამა მისცემს.

ამასთან, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში იმ ქალაქებში ჩატარდება, სადაც მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებია განთავსებული მათ შორის რუსთავშიც.

"ევროდირექტივა ზუსტად არეგულირებს ამ მიმართულებას, თუ რა ელემენტების გადალახვა უნდა მოახდინოს პირმა რეალურ საგზაო პირობებში, რათა მან მიიღოს მართვის მოწმობა. ჩვენც ეს ელემენტები გვაქვს ევროდირექტივის შესაბამისად შერჩეული და მარშრუტების შესაბამისად გვაქვს ყველა ეს ელემენტი გამოყენებული. მაგალითად: გვირაბი შეიძლება ვერ გაიარო ბევრ სერვისცენტრში და ეს ელემენტი ყველგან შეიძლება არ გავრცელდეს, თუმცა აღმართი, მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე, დაბრკოლებები, რომლებსაც ევროდირექტივა იცნობს, მარშრუტები ისე გვაქვს შერჩეული, რომ მაქსიმალურად ყველა ელემენტის გამოყენება მოხდეს. გამოსაცდელი გაგვყავს ქალაქში და დაახლოებით 20 კილომეტრამდე იქნება თითო მარშრუტი, რომელიც უნდა გაიაროს მსურველმა. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის ირგვლივ საშუალოდ 4 სხვადასხვა მარშრუტი გვექნება შერჩეული და წინასწარ ადამიანს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტს გაივლის. კომპიუტერი ავტომატურად დააგენერირებს მარშრუტს", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორ ქალაქში - ფოთსა და ზუგდიდში საწყის ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში ვერ ჩატარდება და გამოცდის მეორე კომპონენტის ჩასაბარებლად მსურველებმა სხვა ქალაქების სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

თეორიული გამოცდის ფასი 40-დან 20 ლარამდე მცირდება, ხოლო შედეგების მოქმედების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე იზრდება.

ასევე, თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულადაა შესაძლებელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებგვერდზე sa.gov.ge შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური. ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი)“.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91.