პროკურატურა 2 მილიონ ლარს ითხოვს

2019-07-26 14:02:12

პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოზე მილიონი ლარის გირაოს ითხოვს. ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ამ საკითხზე კორძაძე ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციებს გამართავს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.