ვინ ჩაირიცხება გამოცდების გარეშე უნივერსიტეტებში

2019-07-24 13:28:44

მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შეჯამებისას, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა აბიტურიენტებს გამოცდების დასრულება მიულოცა და თითოეულ აპლიკანტს წარმატება უსურვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, "ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებასა და დასრულებაში".

მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

წლევანდელ გამოცდებზე 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.

უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.

გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

2019 წლის გამოცდებში მონაწილეები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ მათი გამოქვეყნებისთანავე ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზე, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით.