სტიქია მარნეულის მუნიციპალიტეტში

2019-07-16 16:44:22

მარნეულში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების გზებზე მსჯელობენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, 11 ივლისს მომხდარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების გზებზე მსჯელობენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებისა და დღემდე გაწეული სამუშაოების შეჯამების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები.

მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირები და თანამშრომლები, სტიქიის დღიდან ადგილზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მყისიერად დაიწყო იმ ოჯახების იდენტიფიცირება რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა, მყისიერად უზრუნველყო სპეციალური ტენტების შეძენა, რომელიც ყველა დაზარალებულ ოჯახს დაურიგდებათ.

როგორც მოქალაქეებთან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, არცერთი დაზარალებული ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება, რისთვისაც რეაგირების პროცესში მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.


ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს