ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაიცვალა.
„ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება მუცლის ღრუში და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო თავის ტვინის დაზიანება, სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
გუშინ ავარიის შედეგად, სწორედ ბავშვის მშობლები დაიღუპნენ. მეორე დაშავებული ბავშვი, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადაჰყავდათ, სიტუაციის გართულების გამო ქუთაისის კლინიკაში დატოვეს.
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. კლინიკებში ამ დროისთვის სულ 10 დაშავებული რჩება, მათ შორის ორი მძღოლი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.