20-21 ივნისის ღამეს დაშავებულთაგან კლინიკებში 6 პაციენტი რჩება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ ისაუბრა 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ საფრთხე არცერთი პაციენტის სიცოცხლეს რა ემუქრება.
"კლინიკებში რჩება 6 პაციენტი, ერთი პაციენტის გაწერა უახლოეს მომავალში იგეგმება, რაც შეეხება ალადაშვილიდან გადმოყვანილ ორ პაციენტს, 35 წლის მამაკაცთან ჩატარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ის უკვე აპარატიდან მოხსნილია, კონტაქტურია და მისი რეაბილიტაცია საზღვარგარეთ იგეგმება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, არის გაუმჯობესება, დინამიკა კარგია და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივ მონიტორინგზე გვეყოლება. სამართალდამცავებიდან ორი პაციენტი გაიგზავნა თურქეთში, მათგან ერთს ორშაბათს ჩაუტარდება განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ასევე, მეორე პაციენტთან, რომელსაც თვალის დაზიანება ჰქონდა, დაწყებულია რეაბილიტაციის პროცესი. შესაძლებელი იყო, მას თვალი დაეკარგა. ჯამში ახლა გამგზავრებულია სამი პაციენტი, უახლოეს მომავალში კი, 4 პაციენტი გაემგზავრება საზღვარგარეთ. ხვალ დღის ბოლოს და ზეგ გამთენიისას გერმანიასა და ისრაელში კიდევ გაემგზავრებიან პაციენტები, ისინი შემდგომ რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ განაგრძობენ. ამ ეტაპზე საფრთხე არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას არ ემუქრება", - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, იმ პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა, ოჯახს მისი იდენტიფიცირებისთანავე ეცნობა.
"ჩვენ დავუკავშირდით ამ პაციენტის მეუღლეს და მოხდა მისი ინფორმირება მეუღლის საავადმყოფოში ყოფნის შესახებ. პაციენტის მდგომარეობის შესახებ ოჯახს მიეწოდება ინფორმაცია, ისინი ნახულობენ პაციენტს", - განაცხადა თალაკვაძემ.