ხმაური პარლამენტში

2019-06-26 12:17:57

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ, დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

თქვენთან იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ - გული მერევა თქვენზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვლისას განაცხადა.

აღნიშნულის პასუხად იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უპასუხა, რომ ის უზრდელია.

ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელწერა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არ არის.

„ჩვენი გუნდის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როცა რუსთაველის პროსპექტზე რეზინის ტყვიების წვიმა იყო და გაზით იყო დაფარული მთელი რუსთაველი. ამით დავამთავროთ, რომელი გუნდის ხელწერა რა არის. ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

სულ გააფრინე? არ მაინტერესებს თვალი რომ დაკარგეს? შენ მე მიშა სააკაშვილი ხომ არ გგონივარ? - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს" წევრს, ირაკლი აბესაძეს, რომელიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა.

„არ გაინტერესებთ საერთოდ საკითხი. კითხვა დასვით",- მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.

ხმა ჩაიგდოს კომუნისტმა კოპალიანმა. გავრილოვის იდეურმა მხარდაჭერებმა, ენა გააჩუმეთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატს კარლო კოპალიანს.

სამადაშვილის გაღიზიანება გამოიწვია კარლო კოპალიანის რეპლიკამ მის განცხადებაზე, რომელიც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

„ვერ გავიგე, რაში სდებთ ბრალს ნიკა მელიას. მეც ვიყავი პარლამენტის დარბაზში და ვთქვი, რომ თუ იქ გავრილოვი მოვიდოდა, ხალხს მოვუწოდებდი პარლამენტში მოსულიყვნენ. ხმა ჩაიგდოს ვიღაც კომუნისტმა კოპალიანმა. გავრილოვის იდეურმა მხარდაჭერებმა ენა გააჩუმეთ",- აღნიშნა სამადაშვილმა.

ზეპირად ვენდობით? ანუ ნოტარიუსები ვართ? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ მტკიცებულებების გაცნობა, რაც ნიკა მელიას საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას აქვს შეგროვილი.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ნიკა მელიამ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, ოღონდ კიდევ არ გვაქვს ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აქ არ არის წარმოდგენილი. ალბათ უმრავლესობის წევრებსაც გაინტერესებთ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა რა არის?! ეს არ არის ზეპირი პროცესი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მას ამ საკითხის დასმა საკუთარ კითხვაში შეუძლია, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებს დაუსვამს.

კამათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც ჩაერთო.

„ჩვენ ხომ არ ვართ სასამართლო, რომ გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები და პროცესი წარვმართოთ თითქოს სასამართლოში ვართ. ძალიან კარგად იცით, პარლამენტს რა ლეგიტიმაცია აქვს, რომ ჩვენ მტკიცებულებებს ვერ გამოვიკვლევთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამის პასუხად ოთარ კახიძე დაინტერესდა დეპუტატები უნდა ენდონ თუ არა პროკურატურის ზეპირ მოხსენებას.

„ზეპირად ვენდობით? ანუ ნოტარიუსები ვართ? ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არაა. რასაც გვეუბნება პროკურატურა უნდა დავარტყათ ბეჭედი?“ - აღნიშნა კახიძემ.

რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობთ „ნაციონალური მოძრაობა“, არასდროს მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, არც ერთ ნაწამებ და გაუბედურებულ ადამიანზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, რის შემდეგაც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.

„ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი უფლება არის თანასწორობა. ჩემს კოლეგებს, ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს მოვუწოდებ, რომ თანასწორად მოეპყრათ უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს. ვხედავ, რომ ორი წუთი ეთხოვება მარტო უმრავლესობას, უმცირესობა საუბრობს ნახევარი საათი. ეს არის უთანასწორო მოპყრობა და ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ ჩვენი უფლებები. რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობთ „ნაციონალური მოძრაობა“, მორალური დისკომფორტი არ გექმნებათ? არასდროს მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, არც ერთ ნაწამებ და გაუბედურებულ ადამიანზე. სირცხვილია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.