ახალგაზრდა მამაკაცს თვალიც დაუზიანდა

2019-06-21 13:34:18

21 ივნისის ღამეს დაშავებულ ახალგაზრდა მსახიობს, დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც რეზინის ტყვიით თვალი აქვს დაზიანებული, ამ წუთებში ნიუ ჰოსპიტალში  თავის ტვინზე ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მას თვალის გარდა თავის ტვინის დაზიანებაც აქვს მიღებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას გუშინ ალადაშვილის სახელობის კლინიკაშიც ჩაუტარდა ერთი ოპერაცია. 

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. „ეს ბიჭი ჩემი სტუდენტი და უმცროსი მეგობარია, რომელმაც თავისი პირველი, სერიოზული განაცხადი ქართულ თეატრში ერთი კვირის წინ გააკეთა, მონო სპექტაკლი ითამაშა ,,კრეპის უკანასკნელი ფირი, ახლა იწყებდა... ზუსტად ვიცი, დაიწყებს კიდეც!... პ.ს.კალენდრის მიხედვით გუშინ და დღეს ყველაზე მოკლე ღამეა, რომელიც ყველაზე ბნელ ღამედ გადაიქცა. უძინართა მზე მშვიდობისა საქართელო!!!“ - წერს ნიკოლოზი თავის პოსტში. 

დემეტრე ნაყოფია გუშინ აქციაზე „სირცხვილია“ იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცავებმა მათი დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყეს. ზუგდიდელ ახალგაზრდა მამაკაცს, რეზინის ტყვია თავსა და მარცხენა თვალის არეში მოხვდა. 

ზუგდიდისა და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი დიმიტრი ნაყოფია აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. იგი აფხაზეთიდან დევნილია.

ერთ-ერთი ადამიანი რომელმაც თვალი დაკარგა "რუთავი 2-ის" თანამშრომელი გიორგი სულაშვილია. მძიმე ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მხედველობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის უკვე ცხრა ოპერაცია გაკეთდა. აქედან დიდი ნაწილი არის ყბა-სახის დაზიანება და თვალის ოპერაციები. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რაოდენობა ოპერაციების კიდევ გაიზარდოს.  პაციენტებს დაზიანებები აღენიშნებათ მუცლის არესა და ქვედა კიდურებშიც.

ოფიციალური ინფორმაციით საერთო ჯამში აქციის დროს 240 ადამიანი დაშავდა აქედან 2 ადამიანი სიცოცხლეს ებრძვის. მათი მდგომარეობა მძიმეა.