თბილისში „თბილისი პრაიდის“ ოფისთან პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ადგილზე პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილზე ლევან ვასაძის მხარდამჭერები და თანამოაზრეები მივიდნენ.
შეკრებილები ოფისში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებს კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, მოხდეს "თბილისი პრაიდის" ოფისის დალუქვა.
„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დაილუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ არავის არ ვუვარდებით სახლში. ბავშვები იყვნენ დაცული მავნე ზეგავლენისგან და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ პროპაგანდა არ არის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე. სწორედ ამას ეწევიან ისინი. თუ კანონს მოიხმობენ და კანონის ჩარჩოებში ჩაჯდებიან და დახურავენ, თუ დაემორჩილებიან რაღაცა დირექტივებს და უკანონობას, მაშინ არ დახურავენ.... თუ პოლიცია 9 აპრილივით დაგვერეოდა და წიხლებით დაგვხოცავდა, ტყვიას გვესროდა, ეს თუ მოხდება, თქვენ ხართ გარანტირებული, რომ თუ ხალხს დაერევა პოლიცია და მოკლავს ჰომოსექსუალიზმის გამო, ხალხო რას იზამს?“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
ნინოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
რაც შეეხება "თბილისი პრაიდის" ოფისს დახურული იყო და შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის „თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა. მათ ნინო რამიშვილის ქუჩა, სადაც პრაიდის ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
აქციის მონაწილეებმა ვერის ბაღში გადაინაცვლეს, რის შემდეგაც დაიშლებიან.