ძიძობა სერტიფიცირებადი გახდება

2019-05-18 11:55:53

ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება, სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი იქნება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტშია გაკეთებული, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტში უკვე გაიმართა.

„ბავშვის მომვლელის სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოუაროს ერთ ან რამდენიმე ბავშვს მისი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან მის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან.

ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის ნებაყოფლობითი სერთიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს განსაზღვრავს დებულება ,,ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,“ - აღნიშნულია კანონპროექტში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში გასულ წელსაც შევიდა. წინადადების ავტორი მოქალაქე მაია რობაქიძე იყო, რომელიც დაიწუნეს.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი კი პარლამენტში 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინეს, მისი ავტორები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან.