დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი რეგულაციებისა და გადასახადების დაწესების საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივას ექსპერტები დადებითად აფასებენ.
თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. კვლევითი დოკუმენტი დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს ეხება.
ანგარიშის მონაცემებით, საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს და ამავდროულად, ქვეყანაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი. ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის ავტოპარკის 90%-ზე მეტი 10 წელზე უფრო ძველი მანქანებისგან შედგება.
სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების აზრით, საჭიროა ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისთვის მოსაკრებელი განისაზღვროს. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ 5 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების წესები უნდა გამკაცრდეს და დამატებითი მოსაკრებელი ძრავის მოცულობის მიხედვით უნდა დაწესდეს.
M2B-მ გაარკვია, შეცვვლის თუ არა ჰაერის დაბინძურების ხარისხს ახალი გადასახადების შემოღება და როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით.
"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების თემატური კვლევის ახალი დოკუმენტი მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს მოიცავს. იგი აღნიშნავს, რომ პრობლემა მრავალმხრივია და მის მოსაგვარებლად სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს შეთანხმებული მუშაობაა საჭირო. გარდა ამისა, არსებობს უცხო ქვეყნის მაგალითებიც, რომლებმაც ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები სწორედ გარკვეული სანქციები მიიღეს.
„ვფიქრობ, ამ დოკუმენტში აქცენტები სწორადაა გაკეთებული. მაგალითად საუბარია დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილებზე შედარებით მაღალი ბეგარის დაწესებაზე, ასევე საწვავის ხარისხის ზრდასა და ძველი ავტომობილებისთვის საბაჟო წესების გამკაცრებაზე. ეს ის კომპონენტებია, რომელთა შესრულებაც ჰაერის დაბინძურების ხარისხზე აუცილებლად დადებით გავლენას მოახდენს. არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ კუთხით, მაგალითად ამერიკის, სადაც 70-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი რეგულაციები მიიღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შესახებ, რამაც ქალაქებში ჰაერის ხარისხი მთლიანად შეცვალა“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების კუთხით თბილისის მერიის მხრიდან უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, უკვე შეძენილია Man-ის ტიპის 90 ახალი 10 მ-იანი ავტობუსი, რომელთაგან 50 უკვე დედაქალაქშია. შემდეგ ეტაპზე, დაახლოებით ივნისის თვეში იგეგმება დარჩენილი 40 ავტობუსის შემოყვანა. უკვე მოეწერა ხელი დამატებით 220 ერთეული 8 მ სიგრძის ავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით, რომლებიც წლის ბოლოსთვის შემოვა. ხოლო დასკვნით ეტაპზე კიდევ 200 დამატებითი ავტობუსის შეძენა იგეგმება, საიდანაც 100 ბუნებრივ გაზზე, ხოლო 100 ელექტრო ძრავზე მომუშავე იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოს მრავალ რეგიონში სახიფათოდ მაღალია. კვლევით დადგინდა, რომ 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც ყოველწლიურად თითქმის 7 მლნ-მდე ადამიანის სიკვილის მიზეზი ხდება.
აღნიშნული კვლევის შედეგებით ჰაერის დაბინძურებით თბილისი ევროპაში მესამე ადგილზეა. პირველ ადგილს თურქეთის დედაქალაქი ანკარა, მეორეს კი მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე იკავებს.
კვლევაში 108 ქვეყნის 4300-ზე მეტი ქალაქის ჰაერის ხარისხი გააანალიზეს, რის მიხედვითაც დაბინძურების ორი მთავარი მიზეზი გამიკვეთა. ესენია-სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დაბალი სტანდარტები და საკვების მომზადების ტრადიციული მეთოდები.
ინფორმაციას M2B ავრცელებს.