სკოლებში ექსკურსიების სეზონი დაიწყო. ცნობილია, რომ ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირება გარკვეულ რეგულაციებში მოექცა, რომლის შესრულებაც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც განათლების სამინისტროს ექსკურსიებთან დაკავშირებით აქვს.
1.ტრანსპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება;
2.სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული უნდა იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა);
3.სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;
4.გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას;
5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;
6.იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც განთავსებული არიან არასრულწლოვნები, კოლონას წინ უნდა უძღოდეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო კოლონაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე მითითებული იყოს ნიშანი ,,ბავშვები“;
7.მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;
8.იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;
9.არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;
10.ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.
11.აღნიშნულ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;
ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომლის მიღებაც იგეგმება, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება. კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.
ბავშვის უფლებათა კოდექსი პრინციპების დონეზე უკვე გაწერილია და მისი საკომიტეტო და სასესიო მოსმენები უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. კანონის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.