პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა

2026-11-29 12:57:27

თბილისის პოლიციის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 9 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2 000-მდე საბრძოლო ვაზნა.

სამართალდამცველების მიერ, ასევე ამოღებულია მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.