ქართველი მოსწავლეები ჩინეთში სწავლას სრული დაფინანსებით შეძლებენ

2026-11-28 13:37:19

საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ქართველ ახალგაზრდებს  ჩინეთის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტი საქართველოში იმ ახალგაზრდებს შეარჩევს, რომლებიც შესარჩევი კონკურსის გავლას წარმატებით შეძლებენ.

მისი განმარტებით, ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მათ საკონკურსო განაცხადის წარდგენა გამონაკლისის წესით, უკვე მიმდინარე წელს შეეძლებათ. მომდევნო წლიდან კი კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც შეძლებენ.

„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.

ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.

კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.

შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს‘‘, – განაცხადა გივი მიქანაძემ.