2026-11-21 17:21:07
ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა 74 წლის ქალი დაშავდა.
როგორც ექიმმა გიორგი აბესაძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აქვს თერმოინჰალაციური დაზიანება, ამასთანავე ქრონიკული დაავადებები.
„74 წლის ქალბატონს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. იგი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი უტარდება.
ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები და თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მისი მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს. დამწვარია სხეულის 12%-იანი ფართობი“,- განაცხადა გიორგი აბესაძემ.
ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.