2026-09-30 18:39:51
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ცვლის. ცვლილება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს ეხება, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. ამ კატეგორიისთვის სესხის მომსახურებაზე დასაშვები მაქსიმალური ზღვარი ეტაპობრივად 50%-დან 25%-მდე შემცირდება.
ამასთან, ყველა მსესხებელს ახალი მოთხოვნა არ შეეხება. PTI-ის ცვლილებისგან უცვლელი დარჩებიან როგორც 1500 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები, რომელთათვისაც 25%-იანი ზღვარი უკვე მოქმედებს, ასევე 2500 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები, რომელთათვისაც 50%-იანი ზღვარი შენარჩუნდება.
ვის არ შეეხება ცვლილება
2027 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედი წესის მიხედვით, 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მსესხებლისთვის PTI-ის პროცენტული ზღვარი მცირდება.
1500 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის მოთხოვნა არ იცვლება — მათთვის PTI-ის მაქსიმალური ზღვარი დღესაც 25%-ია და 2027 წლის ცვლილების შემდეგაც 25% დარჩება.
მაგალითად, თუ მოქალაქის ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1200 ლარია, სესხის მომსახურებისთვის დასაშვები მაქსიმალური თანხა კვლავ 300 ლარი იქნება.
ასევე, 2500 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის PTI-ის 50%-იანი ზღვარი უცვლელი რჩება. შესაბამისად, მაგალითად, 3000 ლარის წმინდა ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირს სესხის მომსახურებისთვის კვლავ შემოსავლის მაქსიმუმ 50%-ის გამოყენება შეეძლება, ანუ 1500 ლარის.
შესაბამისად, ცვლილების ძირითადი სამიზნე კატეგორიაა არა ყველა ფიზიკური პირი, არამედ 1500-2500 ლარის წმინდა ყოველთვიური შემოსავლის მქონე მსესხებლები.
როგორ იცვლება ზღვარი ეტაპობრივად
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება. შემდეგ, 2027 წლის 1 სექტემბრიდან, ეს ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება.
წყარო: bm.ge