სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 5 514 000 ლარით დააჯარიმა

2026-06-24 12:26:41

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „ვალუტა+“ 5,514,000 ლარით დააჯარიმა.

ჯარიმების უდიდესი ნაწილი უკავშირდება კლიენტის და გარიგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობას, ასევე ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურებას.

უფრო დეტალურად, დაჯარიმების მიზეზები ასეთია:

ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით, რისთვისაც დაჯარიმდა 3,000 ლარით.

ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 2 ფაქტისთვის დაჯარიმდა 4,000 ლარით.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 453 ფაქტზე ჯარიმამ 3,171,000 ლარი შეადგინა.

ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების გაწევის 2,267 შემთხვევისთვის კი ჯარიმამ 2,267,000 ლარი შეადგინა.

108 ოპერაციის (გარიგების) შემთხვევაში გამოვლინდა კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციისთვის სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღურიცხაობის ფაქტი, რის გამოც დაჯარიმდა 54,000 ლარით.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, რადგან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა 3,000 ლარით.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენასა და პირების გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 ფაქტისთვის კი ჯარიმამ 2,000 ლარი შეადგინა.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „ვალუტა+“-ის მესაკუთრე და დირექტორი დავით ბოჭორიშვილია. კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა.