2026-06-15 12:47:23
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მათივე ცნობით, შემთხვევა გასულ ღამით მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილობრივების განცხადებით, მათ სროლისა და ჩხუბის ხმაც გაიგეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.