რეგულაციები სასკოლო ექსკურსიებზე

2026-06-15 11:14:30

სასწავლო წლის დასრულებასთან აქტუალური ხდება სასკოლო ექსკურსიები. 

ქალაქს გარეთ გასვლა, არაფორმალურ სივრცეში თანაკლასელებთან და მასწავლებელთა ერთად დროის გატარება თითქმის ყველა საფეხურის მოსწავლეებისთვის საყვარელი აქტივობაა.

თუმცა სასკოლო ექსკურსიების მოსაწყობად არსებობს წესები და რეგულაციები, რომლებიც ორგანიზატორებმა უნდა დაიცვან და გაითვალისწინონ.

სასკოლო ექსკურსიები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ან მოწყობილი ღონისძიების დროს მგზავრთა გადაყვანისას გარკვეული მოთხოვნების დაცვა აუცილებელია.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება. ასევე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;

საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებშიც გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში;

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს და ყველა მგზავრი უნდა სარგებლობდეს უსაფრთხოების ღვედით;

თუ ექსკურსიის ფარგლებში დასაფარი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც მას საჭესთან შეცვლის და აკმაყოფილებს ზემოთ ნახსენებ მოთხოვნებს;

ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით.
თუ მოსწავლეს ექსკურსიაზე მშობელი არ ახლავს, ორგანიზატორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მშობლის წერილობითი თანხმობა.
ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია;

ექსკურსია უნდა ჩატარდეს ერთ დღეში;

ღამისთევით გასვლა არ არის დაშვებული;

ლოკაცია, როგორც წესი, სკოლიდან 150 კმ-ზე შორს არ უნდა იყოს;

არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარეების, წყალსაცავების, მეწყერსაშიში ან სხვა მაღალი რისკის ტერიტორიების სიახლოვეს.