ქვემო ქართლში საკვებით 6 ადამიანი მოიწამლა

2026-05-18 12:04:37

მარნეულში საკვები პროდუქტის მიღების შემდეგ ექვსმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.

მათ შორის სამის მარნეულის ავერსის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის კლინიკიდან გაწერილები არიან.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. მათი თქმით, დაწყებულია მოკვლევა.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს; გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას",- ნათქვამია განცხადებაში.