2026-05-17 14:40:45
"დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს პატრიარქობის დიდი პატივისთვის",- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესი შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც კათოლიკოს პატრიარქმა აღნიშნა, „გაცნობიერებული აქვს, ამ მოწოდების სიდიადე და ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს”.
"ძმური ერთობითა და სიყვარულით შევიკრიბეთ დღეს ჩვენ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობითა და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს. გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩამობრძანებისთვის. თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.
დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უქნა, ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს, ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ, თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბევრ-მონაზვნებს ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალასა და სიმტკიცეს.
წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტესმიერ ერთობით ვიდღესასწაულოთ ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა.
სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ერი და ეკლესია აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა ამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელსაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.
ასევე გაგრძელდება მისივე დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა.
ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც, წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. სწორედ ასეთი მცირე ეკლესიები ქმნიან საღვთო მადლით გაერთიანებულ საზოგადოებას.
ძვირფასო სტუმრებო, თქვენი აქ ჩამობრძანებით განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებული უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე.
დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია, ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს”, - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებზე ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციებს მადლობა გადაუხადა ემიგრანტებზე სულიერი ზრუნვისთვის.
“ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია.
მადლობა ღმერთს და თითოეულ აქ მყოფს, რომ დღეს აქ შეკრებით, ერთობითა და სიყვარულით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს საკრველითა სიყვარულისაითა ერთურთის მიმართ, რათა ჩვენზე აღსრულდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: “ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთ არს, ამინ!“,- განაცხადა კათოლიკოს პატრიარქმა.