გარკვეულ ავტომობილებზე გზისპირა ზონებში კონტროლი განხორციელდება

2024-11-22 12:17:59

მომავალი წლიდან გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. აღნიშნულს გულისხმობს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებები.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევების შემთხვევაში კი, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა, საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოუყენებლობა, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა, ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დარღვევა, ასევე (მოწმდება ასევე სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები) ფულადი სანქციებია განსაზღვრული.

როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სხვადასასხვა ტიპის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300-იდან 5000 ლარამდე.

ამასთან, საგზაო ინსპექტირების შედეგად ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სათანადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე.

ზემოთაღნიშნული ცვლილება 2025 წლის 4 იანვრიდან ამოქმედდება. ხაზგასასმელია, ისიც რომ ეს ცვლილება არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე.

რაც შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც შეეხება ეს ცვლილებები, მათ შორის სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობებზე შემოწმება, ზემოთჩამოთვლილი კატეგორიები შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს გულისხმობს:

M2 - 5 ტონამდე მასის 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
M3 - 5 ტონაზე მეტი მასის 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
N1 - 3.5 ტონამდე მასის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
N2 – 3.5-დან 12 ტონამდე მასის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
N3 – 12 ტონაზე მეტი მასის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
O3 – 3.5-და 10 ტონამდე მასის მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი;
O4 – 10 ტონაზე მეტი მასის მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი.