პატიმარი აცხადებს რომ მასზე რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში იძალადეს

2026-10-02 14:57:37

36 წლის გიორგი დავითაძემ, რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახში, სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

პატიმარი ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა. მისი მტკიცებით, მომხდარის ნაწილი ვიდეოკამერებზეც არის ასახული. ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

მსჯავრდადებულმა სასამართლოში თქვა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

პატიმრის საპასუხოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი",- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.